საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თალებ რიფაი მიიღო, რომელიც თბილისს ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენციის ფარგლებში ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან თალებ რიფაისთან საქართველოს ტურისტული – კონკრეტულად კი, ღვინის ტურიზმის პოტენციალი და შესაძლებლობები განიხილა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უწოდა ბოლო წლებში საქართველოსა და მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციას შორის სწრაფად განვითარებულ ურთიერთობას.
როგორც პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, მოხარულია, რომ ქვეყანაში პირველად იმართება ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენცია, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოს, ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია.
“კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას, ასევე, საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს და მისი განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების მიზანია“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლებლობების აქტიურად შესწავლა.