სექტემბრის ბოლოდან თბილისში, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპზე, 10 ახალი ავტობუსი შემოვა.
„თბილისის ავტობუსების პროექტისთვის“ მიმდინარე წლის 11 მაისს, ქალაქ ლონდონში, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს, რომელთა საფუძველზეც, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდმა გრანტის სახით 7 მილიონი ევრო გამოყო.
შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა გერმანულმა კომპანია MAN-მა, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ტექნიკური პირობა და მოთხოვნა.
ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი 2017 წლის დასაწყისში დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპზე, 10 ახალი ავტობუსი შემოვა
07/09/2016