დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა

06/09/2016

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესს ნდობისათვის და შექმნილი სამუშაო ადგილებისთვის, – განაცხადა პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. მან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბიზნეს–სტატისტიკა, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლები შეაჯამა.
ოფიციალური სტატისტიკით, დასაქმებულთა ზრდა 2016 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდა. ამ პერიოდში ბიზნეს სექტორში 32.5 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (5.7 პროცენტიანი ზრდა), ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 601 ათასი პირი შეადგინა.
პირველი ვიცე–პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის შედეგი ნდობის, იმ ბიზნეგარემოსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. „ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და როდესაც ასეთ დროს კერძო სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ის ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ მადლობას ნდობისათვის. მე მათ მინდა ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ზრდა დასაქმების კუთხით მცირე საწარმოებს ჰქონდათ. კერძოდ, მცირე საწარმოებში 16 823-ით (12.8%-ით) მეტი ადამიანი დასაქმდა და 2016 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 148 374 შეადგინა.
რაც შეეხება ზრდას მსხვილ საწარმოებში, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტით გაიზარდა და 24,896 ადამიანი შეადგინა. სულ მსხვილ საწარმოებში დღეს დასაქმებულია 365,861 ადამიანი, საშუალო საწარმოებში კი ეს მაჩვენებელი 86,000–ია.
დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ მთლიან დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა (წილი მთლიანში 25.5%), რომელსაც მოყვება მრეწველობა (18.7%), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (10.3%).
აღნიშნულ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10.1%), მშენებლობის (10.0%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9.3%).
საქართველოში არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, არამედ გაიზარდა საშუალო თვიური ხელფასიც.
ბიზნეს სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 978.1 ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის, ხოლო 3.8 პროცენტით – გასული წლის მეორე კვარტლის მონაცემს.
2016 წლის მეორე კვარტალში დასაქმების მაჩვენებლის მსგავსად წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი 6.9 პროცენტიანი ზრდა მცირე საწარმოებში დაფიქსირდა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგის დასასრულს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბიზნესს გამოცხადებული ნდობისთვის და პირადად მისი, როგორც ეკონომიკის მინისტრისა და მთლიანად საქართველოს მთავრობის სახელით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0