შეხვედრა ესტონეთის დელეგაციასთან

01/09/2016

დღეს, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ესტონეთის ფინანსთა სამინისტროსა და კომპანია „პრაის ვოტერჰაუზ კუპერსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში საგადასახადო რეფორმის განხორციელების პროცესში ქართულ მხარეს რეკომენდაციებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
გიორგი თაბუაშვილმა და ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს იმ დახმარებისთვის, რომელიც ესტონელმა ექსპერტებმა უკვე გაუწიეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმის მომზადების პროცესში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოგების გადასახადის რეფორმის აღსრულებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს. ესტონელი ექსპერტების მიერ დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც გაუნაწილებელ მოგებაზე მოგების გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოგების გადასახადის რეფორმის მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის “კარგი მმართველობის ფონდი” (GGF) ფარგლებში, რომელიც მოიცავს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობასა და გაძლიერებას, მათ შორის, საგადასახადო სისტემის, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საჯარო ფინანსების მართვის, ანტიკორუფციული ზომების ხელშეწყობის კუთხით.
აღნიშნულ პროექტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მონაწილეობას იღებენ ექსპერტები ესტონეთის ფინანსთა სამინისტროდან, კომპანია „პრაის ვოტერჰაუზ კუპერსის“ ესტონეთის და საქართველოს წარმომადგენლობებიდან, ასევე, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-დან.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0