დავით ბაქრაძე გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ლატვიის ელჩთან

01/09/2016

1 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან იანის ზლამეტსთან.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

დავით ბაქრაძემ ლატვიის რესპუბლიკის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე, დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და მიღწევების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.

თავის მხრივ, იანის ზლამეტსმა მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს შეხვედრისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ლატვიის პარლამენტს წლების განმავლობაში მიღებული აქვს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0