4 სექტემბერს თბილისში ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება

01/09/2016

ბათუმი-თბილისის მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, 4 სექტემბერს, ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა კონცერტით დასრულდება.
საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მასში მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”, ლიანა ისაკაძე, თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), სერგეი ბაბაიანი (ფორტეპიანო), ვიქტორ ტრეტიაკოვი (ვიოლინო), ნატალია ლიხოპოი (ვიოლინო), აიმან მუსახაჯაევა (ვიოლინო), ვლადიმერ ტარასოვი (დრამი) მონაწილეობენ. კონცერტს უდირიჟორებენ ლიანა ისაკაძე და ცეზარ ალვარესი (ესპანეთი).

„2014 წლის შემოდგომიდან „ღამის სერენადები“, პარალელურად, თბილისშიც იმართება. ღონისძიებისადმი ინტერესი ყოველწლიურად მატულობს. ძალიან საინტერესო ფესტივალია და მსმენელი დიდ სიამოვნებას იღებს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ამ ღონისძიების აქტიური მხარდამჭერია. წლევანდელი ღონისძიება გამორჩეულია იმითაც, რომ ქალბატონი ლიანა ისაკაძის საიუბილეო თარიღს ემთხვევა და მსმენელი განსხვავებულ პროგრამას მოისმენს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

საიუბილეო გალა-კონცერტამდე, 2 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ბილთმორ”-ში საქველმოქმედო საღამო გაიმართება. 3 სექტემბერს კი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში მოეწყობა ლიანა ისაკაძის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი სერიის ჩვენება. (რეჟისორი – ალექსანდრე ვახტანგოვი).

ბათუმი-თბილისის მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 27-28 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, პროექტის Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში გაიხსნა. შემდეგი კონცერტი 30 აგვისტოს ანაკლიაში ჩატარდა. ეს იყო ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალური გზავნილი აფხაზეთში, სადაც 1982 წელს საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ პირველად ჩატარდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, აღდგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0