მერია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება

01/09/2016

თბილისის მერია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, თითქოსდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებზე დედაქალაქის მერიის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა და თბილისის მერია ბაღების პედაგოგებს ავსებინებს კითხვარს მათი პოლიტიკური შეხედულებების გასარკვევად.
ეს არის მორიგი სიცრუე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან და ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მოძველებული და არაეფექტური მეთოდებით.
ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ისევე როგორც მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სტრუქტურული ერთეულები, იცვლის მომსახურე ბანკს და გადადის თი-ბი-სი ბანკის მომსახურებაზე. შესაბამისად, ბანკი, მერიისგან დამოუკიდებლად, სააგენტოს თანამშრომლებს ავსებინებს სტანდარტულ კითხვარს.
დღეს ყველას კარგად ესმის, რომ წინასაარჩევნოდ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გაორმაგებული ძალებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით პოლიტიკური ქულების დაწერას და მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და აღნიშნულის ნაცვლად ენერგია მიმართონ ქვეყნისა და ქალაქის სასიკეთოდ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისაკენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0