დაბა ქედაში უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება. მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 1 737 800 ლარის ღირებულების პროექტი უკვე რომ შედეგიანია, 28 ივნისს განვითარებული სტიქიის დროს ნათლად გამოჩნდა. მდინარე აკავრეთას მარჯვენა სანაპიროზე მოწყობილმა დამცავმა კედელმა საფრთხე აარიდა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო თუ კერძო საკუთრების ობიექტებს, რომლებიც წყალუხვობის დროს ხშირად იტბორებოდა. პროექტის თანახმად, ამ დროისთვის 1, 200 მეტრზე დამცავი კედლების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფირმა ,,ზიმო 7″ ახორციელებს. სამუშაოებს დღეს ზურაბ პატარაძე გაეცნო.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი კადრებიც. სამუშაოები პროექტის თანახმად გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ამ დროისთვის 30%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. პროექტი მომავალ წელს დასრულდება.
მთავრობის თავმჯდომარე რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში შეკრებილ საზოგადოებას შეხვდა. ქედაში დღევანდელი ვიზიტი შეაჯამა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დადებითად შეაფასა.
ზურაბ პატარაძემ დაბაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა
23/08/2016