დავით ნარმანია საკრებულოში შესაძლოა რიგგარეშე ანგარიშით მიმდინარე კვირას წარდგეს, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან არ დააკონკრეტა რომელ დღეს აპირებს საკრებულოში მისვლას და განმარტა, რომ ამ საკითხზე საკრებულოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
”საკრებულოს ხელმძღვანელობასთან გავდივართ კონსულტაციებს და შესაბამისად, ზუსტ თარიღსა და დროს ვაცნობებთ საზოგადოებას. ეს არ იქნება ძალიან შორს, შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს”, – განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ საკრებულოში შეხვედრა ამ კვირაში მოხდეს. ნარმანის თქმით, საკრებულოში შეხვედრამდე შეხვდება ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათგან ქალაქის გამწვანების პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებებს მოისმენს.
”მე ჯერ კიდევ გუშინ განვაცხადე, რომ აუცილებლად მივალ თბილისის საკრებულოში და გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რაც იქნება დასმული. გარდა კონკრეტულად ამ საკითხისა, მე ვისაუბრებ საერთოდ ჩვენი გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულების პოლიტიკაზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ამ თვალსაზრისით ვახორციელებთ, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას რას ვაკეთებთ გამწვანების კუთხით”, – განაცხადა ნარმანიამ.
საკრებულოს 13-მა დეპუტატმა გუშინ თბილისის მერს განცხადებით მიმართა და დავით ნარმანიას საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშის წარდგენა მოითხოვა. თბილისის საკრებულოში დავით ნარმანია ბოლოს 17 მაისს უმრავლესობის მოთხოვნის შემდეგ წარსდგა. რიგგარეშე ანგარიშის თემა მაშინ ბოტანიკური ბაღის მიწის მონაცვლეობის საკითხი იყო.