ცესკო-ს აზრით, 9 პარტიას, რომელთა ხელმძღვანელის შესახებ რეესტრში ინფორმაცია არ იძებნება, საარჩევნო რეგისტრაცია უნდა შეუნარჩუნდეს

22/08/2016

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოსაზრებით, 9 პარტიას, რომელთა ხელმძღვანელი პირის შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია არ ფიქსირდება, საარჩევნო რეგისტრაცია უნდა შეუნარჩუნდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განუცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ აღნიშნულ 9 პარტიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს და გადაწყვეტილებასაც სწორედ მოსამართლე მიიღებს.

„რაც შეეხება იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის მოსაზრებით, აქვთ პრობლემა, რომ მათაც შეუწყდეთ რეგისტრაცია, ამ 9 პარტიის შესახებ მონაცემები ცესკო-მ ჯერ კიდევ გუშინ წინ გაასაჯაროვა და ეს არის საჯაროდ ცნობილი. ამასთან დაკავშირებით ცესკო-მ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, დადგენილება. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა სხვადასხვა მოსაზრებები, კანონმდებლობის სხვადასხვა მოცემულობა, ამ დადგენილებით საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ პროცესი არის უფრო განჭვრეტადი, შესაბამისად, ამ 9 პარტიასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მათი რეგისტრაცია რჩება ძალაში, თუმცა ამ დადგენილებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს და დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჟვანიამ.

რაც შეეხება გარკვეულ მოსაზრებებს ანტი სახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ, პრორუსულ, თუ პროდასავლურ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, თამარ ჟვანიას განმარტებით, ამას კავშირი არ აქვს პარტიების საარჩევნო რეგისტრაციასთან და ეს არის საკონსტიტუციო საკითხი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ინფორმაცია 9 პარტიის ხელმძღვანელი პირის შესახებ არ არის განთავსებული. ამასთან დაკავშირებით ცესკო-ში განცხადება რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცესკომ რეგისტრაცია იმ 9 პარტიასაც უნდა გააუქმოს, რომელთა ხელმძღვანელი პირების შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია არ იძებნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0