საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის სასოფლო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
სოფელ როდინაულის მაცხოვრებლები, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ქალაქ ზესტაფონში შემოვლითი, მაგისტრალური, გზით ჩადიან. შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფელს პირდაპირ აკავშირებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან, უვარგისობის გამო, ფაქტობრივად გაუქმებულია.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის გადასახვევიდან და მისი მთლიანი სიგრძე შეადგენს 15 კმ. აღდგენილი გზის მიწის ვაკისის სიგანე 8.5 მ-ს მიაღწევს, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 6 მ იქნება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავს: მიწის ვაკისის აღდგენას, კიუვეტების გაწმენდასა და მოწყობას. რაც შეეხება საგზაო სამოსს – ქვედა ფენა ღირღით, ხოლო ზედა ფენა არმირებული ბეტონის საფარით დაიფარება. პროექტში ასევე გათვალისწინებულია: გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით, მიერთებებსა და გზის გადაკვეთებზე დატანილი იქნება ლითონის წყალგამტარი მილები. მდ. ყვირილაზე გამავალი არსებული ხიდი ასფალტო-ბეტონის საფარით დაიფარება. ხიდის დაზიანებული მოაჯირები შეიცვლება და რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი აშენდება. გზის რეაბილიტაციის პროექტი საგზაო ნიშნების მოწყობასაც ითვალისწინებს.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. გზის აღდგენის სამუშაოებზე 4 377 067.53 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე დაკავებულია 40-მდე ადამიანი.
გზის რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ როდინაულის მოსახლეობას გაუადვილდება გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18/08/2016