ყოჩაღ ირაკლი, აფერუმ, რა დიდი აზროვნება გქონია

17/08/2016

თუკი საქართველოს უშიშროება იმ ინფორმაციასაც ვერ ფლობს, ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი ერთად არიან თუ ცალ-ცალკე, თუკი ჩვენ ამ ხელისუფლებასაც რუსეთის აგენტები ვგონივართ, კარგად ყოფილა მათი საქმე, – ასე გამოეხმაურა ლევან ბერძენიშვილი ირაკლი სესიაშვილის პოზიციას, რომლის შეფასებითაც, ერთი მხრივ, საქართველოს “უბლოკო სტატუსის“ შესახებ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა, ხოლო მეორე მხრივ, უბლოკო სტატუსის საწინააღმდეგოდ დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადება საარჩევნო პიარის ნაწილია და რომ ბურჯანაძე-უსუფაშვილი შეხმატკბილებულები არიან და საპარლამენტო უმრავლესობა მათი პიარ-დუეტის ნაწილი არ უნდა გახდეს.

“დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივა პოპულისტური საკითხი არ არის. საქართველოს უსაფრთხოება სჭირდება არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ. აღნიშნულ საკონსტიტუციო ინიციატივას არჩევნების შემდეგაც დავაყენებთ – თუ ახლა მოაწერენ დეპუტატები პროექტს ხელს, ეს კარგია, თუ არა – ჩვენ არასდროს მიგვაჩნია, რომ ყველაფერი ერთ დღეში უნდა გაკეთდეს… პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა არის პასუხი იმ კომიკურ ინიციატივაზე, რომელიც ქალბატონმა ბურჯანაძემ შემოიტანა. პასუხად მან ძალიან უცნაური ბრალდებები მიიღო. სიტყვები არ მყოფნის ირაკლი სესიაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, უსუსური ვარ ასეთი ტიპის განცხადებებთან დაკავშირებით, შემიძლია მხოლოდ “ვეფხისტყაოსნიდან“ გავიმეორო: – “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. სესიაშვილმა გვაჩვენა, როგორ აზროვნებს. თუკი ასე ფიქრობს, შეუძლია ასე გააგრძელოს – ვინ დაუშლის, მაგრამ ამ კაცის ხელში რაიმე სარიოზული საქმის ჩაგდება, ამ განცხადების შემდეგ, არასერიოზული იქნება“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, “ხელისუფლებას ფლანგიდან “ცენტრისტები“ გაექცათ და ახლა “რესპუბლიკელები“ იპოვეს რუსული ინტერესების გამტარებლად“.

“ყოჩაღ ირაკლი, აფერუმ, რა დიდი აზროვნება გქონია! ქართველები მსოფლიოს აოგნებენ მსოფლიო რეკორდებით, სესიაშვილი აზროვნებს თავისი აზროვნების სიმაღლით“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0