წყალტუბოში ახალგაზრდობის ფესტივალი გაიმართა

14/08/2016

ახალგაზრდობის ფესტივალმა სილამაზისა და ჯანმრთელობის კურორტს- წყალტუბოს ახალი სიცოცხლე შესძინა. სანატორიუმ “მედეას“ ხეივანი მუსიკოსების, მხატვრების, პოეტებისა და ახალგაზრდების თავშესაფრი გახდა, სადაც ლექსის, სიმღერის, ფერებისა და ჯანსაღი ემოციების სასიამოვნო მუხტი ფერად და შთამბეჭდავ დღესასწაულად იქცა.
უნიკალური შენობის სიძველეშეპარულ საბჭოურ სიდიადეს უჩვეულო ხალხმრავლობამ, არაჩვეულებრივმა ნახატებმა, კარვების ქალაქის სტუმრებმა, მივიწყებულ გზაზე დატოვებულმა ხელის ანაბეჭდებმა, მასობრივმა პერფომანსმა ახალი დატვირთვა შესძინა, თავისუფლებისა და სიცოცხლის სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, უამრავი სტუმარი და უცხოელი ტურისტები წყალტუბოს პოპულარიზაციის, ფესტივალებისა და კონცერტების, გამოფენებისა და კულტურული ღონისძიებების გამართვის იდეამ გააერთიანა.
ახალგაზრდობის ფესტივალის ორგანიზება მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო, ფესტივალის აქტიურ მონაწილეებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა პრიზები გადასცა. კონცერტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები დისკოთეკაზე გაერთნენ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0