მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან, საქართველო ევროპული საავიაციო ტურიტული რალის დასკვნით ეტაპს მასპინძლობს. ღონისძიების მასპინძელი მხარის, აეროდრომ „ნატახტარის“ ოპერატორი კომპანია – “Vanilla Sky”-ის ორგანიზებით, საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ევროპული ასოციაციების მფრინავებისათვის დღეს მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოში რალის გამართვის ორგანიზებაში ჩართული და ღონისძიების მხარდამჭერი სახელმწიფო უწყებები. ევროპის საჰაერო კლუბების წარმომადგენლებსა და პილოტებს სიტყვით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ მიმართეს. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ევროპულ საავიაციო რალში საქართველოს ჩართვა კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი და ევროკავშირის ორმხრივ მისწრაფებას – საქართველო გახდეს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის ნაწილი. ასევე ღონისძიება წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას, ადგილობრივი ტურისტული და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართ უცხოელი ტურისტებისა და მოგზაურების დაინტერესების კუთხით.
ჰანს გუთმანის სახელობის საავიაციო ტურისტული რალი ლუქსემბურგის საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებამ 5 აგვისტოს, უნგრეთში აიღო სტარტი. ბულგარეთისა და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 7 აგვისტოს მფრინავები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ. რალის ძირითადი დანიშნულების პუნქტი ნატახტარის აეროდრომია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნებართვა გაცემულია 15 პილოტზე (საჰაერო ხომალდები: Cessna 182, Cessna T 303, Cessna 182 T, TB-21 Trinidad, P32R, Flight Design CTLS. T 9 Stiletto, P 2006 T, SR22, PA 32T). სააგენტოსთვის მოწოდებული ფრენის გეგმების მიხედვით, მფრინავები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ლუქსემბურგიდან და თურქეთიდან საქართველოში 12-13 აგვისტომდე დაჰყოფენ. რამდენიმე მათგანი, საჰაერო ხომალდებით სვანეთის მონახულებასაც გეგმავს.