ეკა ბესელიას ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის განხილვა კომიტეტებში პარლამენტის რეგლამენტის დაცვით მოხდება. როგორც ბესელიამ განაცხადა, გეგმავს, რომ სექტემბერში კომიტეტის სხდომა ჩაატაროს, რათა საშემოდგომო სესიის გახსნამდე მის კომიტეტს საკითხი უკვე განხილული ჰქონდეს.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის საკითხს მივუბრუნდებით სექტემბერში და სექტემბრის დასაწყისში ვგეგმავ ჩავატარო კომიტეტის სხდომა, რათა დაცული იყოს პარლამენტის რეგლამენტი და საშემოდგომო სესიიის გახსნის დროისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს განხილული ჰქონდეს წარმოდგენილი კანდიდატების საკითხი. უზენაესი სასამართლოს მოსამართეობის კანდიდატებს ორი კომიტეტი იხილავს – ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტები. ჩვენი კომიტეტი სავალდებულო დასკვნას იძლევა – უჭერს თუ არა მხარს კომიტეტი კანდიდატებს.
საკითხს შემდეგ განიხილავს იურიდიული კომიტეტი და ამის შემდგომ პარლმენტი”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, წინასწარ განწყობებზე საუბარი, დაუჭერს თუ არა კომიტეტი მხარს წარმოდგენილ კანდიდატებს, არ შეუძლია.
”კანდიდატებს ვიცნობთ და მათგან ორზე პარლამენტმა ერთხელ უკვე იმსჯელა. წინასწარ განწყობებზე ვერაფერს ვიტყვი. მე პირადად პატივს ვცემ სამივე კანდიდატის გამოცდილებას, მაგრამ რას გადაწყვეტს კომიტეტი ან პარალმენტი, ამის თქმა წინასწარ, რასაკვირველია, არ შემიძლია”, – განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე მეორედ წარუდგინა. თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები შესთავაზა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მათ მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მას აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმეორედაც იგივე – თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები წარუდგინა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურაც შესთავაზა.