დავით უსუფაშვილის განცხადებით, უნდა შევეგუოთ, რომ ომის გამოძიებას საერთაშორისო ასპარეზზე სჭირდება არაერთი წელი.როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც გადაიდგა საჭირო ნაბიჯები.
„ომის გამოძიების შედეგები გვაქვს. ამის გამოძიება არაფორმალური, საექსპერტო, არასამთავრობო ძალებით 2008-2009 წლებში განხორციელდა. გამქვეყნებულია ძალიან სერიოზული ნაშრომი, სადაც დოკუმენტურად არის დადასტურებული ეთნიკური წმენდის ფაქტები, სამხედრო დანაშაული, ასევე ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებები. ეს გაკეთდა ჩვენი მოქალაქეების, ექსპერტების, არასამთავრობოების მიერ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომელმაც დაიწყო გამოძიება. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოძიებას სჭირდება წლები. ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, მოკლებული ვართ საშუალებას, სრულფასოვანი გამოძიება ჩავატაროთ, რადგან სწორედ იმ მხარეს, საიდანაც აგრესია განხორციელდა, ჩვენ არ გვაქვს წვდომა, რომ გამოკითხვები ვაწარმოოთ. ხელისუფლების მხრიდან კეთდება ყველაფერი. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც გადაიდგა საჭირო ნაბიჯები, – განაცხადა უსუფაშვილმა.