95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში გადაეცათ – შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
ეკომიგრანტებისთვის გადაცემული ქონება საქართველოს რამდენიმე რაიონშია განლაგებული, კერძოდ: წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, სიღნაღის, გურჯაანის, ახმეტისა და ხონის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ წალკაში, ქალაქ დუშეთში, ქალაქ ხონში, ქალაქ მარნეულსა და ქალაქ თეთრიწყაროში. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თითოეულ ოჯახს გადაეცა საშუალოდ 2600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და დაახლოებით 40-50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა.
„ეს ადამიანები იქ საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ და მათი პრობლემები იყო მოუგვარებელი. ჩვენ მოგვეცა ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა და, შესაბამისად, ეს ქონებები მათ გადაეცათ საკუთრებაში“ – აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ეკომიგრანტებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის განკარგულების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე მოამზადა.
95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში გადაეცათ
03/08/2016