მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს

02/08/2016

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან თავი შეიკავოს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს.

”უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. მას როგორც პირს, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება საქართველოში არ აქვს. გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ბატონი სააკაშვილი ცდილობს რეპუტაცია შეულახოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის როლიც მნიშვნელოვანია საარჩევნო ციკლში. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ მან საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, როგორც დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავშეუკავებელი ქცევით არ უნდა შეუშალოს ხელი ქართულ-უკრაინული მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და ბუნებრივია, საკუთარი ქმედებებით იგი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ მშვენიერ, კეთილმეზობლურ ურთიერთობას”, – განაცხადა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0