სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ქალაქ ფოთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს. წამლობები დასავლეთ საქართველოში ორ ეტაპად – სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში გრძელდება. ე.წ.თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით უკვე დამუშავდა 650 ჰა წყალსატევი და დაჭაობებული ტერიტორია, სადაც კოღოს მატლების გავრცელება მასობრივად აღინიშნებოდა. ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის მერიც დაესწრო.
ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების წინააღმდეგ ღონისძიების ჩასატარებლად იყენებენ ბიოინსექტიციდს, რომელიც სპეციალურად წყლის ზედაპირზე კოღოს მატლების გასანადგურებლად არის შექმნილი და მოქმედებს 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უსაფრთხოა როგორც ადამიანების, ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისთვის, ასევე გარემოსთვის.
მთავრობის დადგენილებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მეორე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონაში. ქიმიური და ბიოლოგიური წამლობების შედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება. 2015 წელს სააგენტოს სპეციალისტების მიერ 3260 ჰა დამუშავდა. მიმდინარე წელს წამლობის პირველი ეტაპი დასავლეთ საქართველოში მაისში 560 ჰა-ზე ჩატარდა. მეორე ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები 3500 ჰექტარზეა დაგეგმილი.
ფოთში კოღოების წინააღმდეგ წამლობა მიმდიანრეობს
02/08/2016