საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის გადაყენება „ქართული ოცნების“ უტვინო, უსინდისო და უსამართლო გადაწყვეტილებაა

01/08/2016

ხარაგაულში განვითარებული მოვლენები, ძალიან უსინდისო, უსამართლო, არაკორექტული და არაპარტნიორული ნაბიჯია, – ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. ბერძენიშვილი გამოეხმაურა ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე, „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო.

”საქმე ის არის, რომ ქალბატონი ინგა არის ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარე ქვეყანაში. სულ ორი არის ქალბატონი, რომელიც საკრებულოს ხელმძღვანელობს, მათ შორის ქალბატონი ინგა ერთ-ერთი ბრწყინვალე და საუკეთესოა. მისი გადაყენების საკითხი დასვეს დღის წესრიგში მარტო იმიტომ, რომ არის „რესპუბლიკელი“, სხვა მიზეზი ვერ დაასახელეს. ეს არის სამარცხვინო, თავისმომჭრელი ამბავი ”ქართული ოცნებისთვის” და ალბათ, მათი ლიდერები რამეს მოიფიქრებენ და იტყვიან. რამე რომ უნდა მოიფიქრონ, მართლა იმას ხომ არ იტყვიან, რომ მხოლოდ „რესპუბლიკელობის“ გამო მოითხოვეს მისი იმპიჩმენტი? – არადა მხოლოდ ამიტომ უნდოდათ რომ ყოფილიყო გადაყენებული. არაუშავს, ჩვენ მოვიფიქრებთ რას და როგორ ვუპასუხებთ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, არჩევნების ისე დაწყება, რომ „ყოფილ პარტნიორებს დაერიო და საკრებულოებიდან გაყარო, არ არის ყველაზე სამართლიანი ნიშანი“.

”მითუმეტეს, ვერ მოამზადეს საკრებულოს წევრები, რომ ორი სიტყვა მაინც ეთქვათ იქ. მუნჯებივით დადგნენ და ვერ უპასუხეს საქართველოს პარლამენტის ორ წევრს. ეს სამარცხვინო ამბავია არა მარტო ხარაგაულის საკრებულოსთვის, არამედ სრულიად ”ქართული ოცნებისთვის”, როგორც პარტიისთვის”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

დეპუტატის თქმით, როგორი ძალადობაც იყო კორცხელი, ისეთივე ძალადობაა ესეც, უბრალოდ ის იყო ფიზიკური დაპირისპირება და აქ ინტელექტუალური.

”თუმცა ყველაფერი უტვინოდ არის გაკეთებული, როგორც ბევრი რამ კეთდება ხოლმე ხელისუფლებაში როცა ხარ. ეტყობა ტვინის უჯრედების ზედმეტი რესურსების დახარჯვა ეზარება ვიღაცას. ძალიან უსინდისო, უსამართლო, არაკორექტული და არაპარტნიორული ნაბიჯია. ქვეყანაში არსებობს შესაბამისი კომისიები და ალბათ, გასცემენ პასუხს, თუ რა დააშავა „რესპუბლიკელმა“ თავმჯდომარემ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენება ვერ მოხერხდა. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, თავმჯდომარის გადაყენებას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0