ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში ცვლილება შედის

01/08/2016

ფარმაცევტებს პირველი ჯგუფის – ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, – ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფში შეტანილი მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემას. მისი განცხადებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად ფარმაცევტებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და არსებული კანონის დარღვევის შემთხვევაში, ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას.
მინისტრის განმარტებით, კანონში არსებული ცვლილებების შეტანა მისი აღსრულების მექანიზმებს ქმნის: „ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს, თუმცა მათ მიერ შედგენილი აქტების შესაბამისად იწერება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც მხოლოდ ფინანსურ პასუხისმგებლობას აკისრებს აფთიაქს. ისინი ჯარიმებს იხდიან, მაგრამ მათთვის მაინც მიმზიდველი ხდება ასეთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობა, ახლა – ეს პასუხისმგებლობა არსებული კანონის ფარგლებში ფარმაცევტებზეც გავრცელდება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0