თბილისის მერი დავით ნარმანია და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ვაშლიჯვარში, აკაკი კვანტალიანის ქუჩაზე, მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდნენ. თბილისის აზერბაიჯანული თემის რიტუალების სახლში გამართულ შეხვედრაზე დასახლებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ადგილობრივი მოსახლეობა სამარშრუტო ხაზის დამატებას, სკვერისა და სათამაშო მოედნის მოწყობას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო, ქუჩაზე მცხოვრებ ბავშვებს სკოლამდე 3 კილომეტრამდე მანძილის გავლა ფეხით უწევთ. ამასთან, არ აქვთ დასასვენებელი ადგილი, სადაც სრულფასოვანი დასვენება და გართობა არის შესაძლებელი.
დავით ნარმანიამ და ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვეს.
„თბილისის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ეცდებიან, განიხილონ ყველა ეს საკითხი და შესაძლებლობის ფარგლებში გადაწყვიტონ ის პრობლემები, რომელიც ამ კონკრეტულ უბანში აზერბაიჯანელ მოსახლეობას აწუხებს“ – განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანია აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა
29/07/2016