პრემიერთან, პრეზიდენტთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ არის გარკვეული წინაპირობები საქმის გამოძიების, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მას საქმის გამოძიების იმედი არ ქონდა იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურაში გაგზავნილ წერილებსა და მის საჯარო განცხადებებზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
„მე მაქვს იმედი, რომ არის გარკვეული წინაპირობები პრემიერთან, პრეზიდენტთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდგომ იმედი იქიდან გამომდინარე არ მქონდა, რომ წერილობით მიმართვებზე და საჯარო განცხადებებზე არ იყო არანაირი რეაგირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაასახელებს. ხოლო რაც შეეხება მისი ზოგიერთი კოლეგის განცხადებებს, რომ ამ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციები ცნობილი მისთვის არ იყო, პაპუაშვილი აცხადებს, რომ არ იცნობს ამ განცხადებებს.
„არ ვიცი რას ამბობენ. გავეცნობი. მთავარია, რომ ის, ვისზეც შესაძლოა ზეწოლა ხორციელდებოდეს იყოს უსაფრთხოდ და ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება მის შესაძლო გამოკითხვას ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, გამოკითხვა თუ საჭირო იქნება, ამაზე მოხდება შეთანხმება მთავარ პროკურატურასთან.
„ამასთან დაკავშირებით მთავარია, რომ სწორად წარიმართოს პროცესი. ეს არის არა მარტო ჩვენს ინტერესებში, არამედ როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, პროკურატურის ინტერესებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარ პროკურორს სხვა საქმეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„გარკვეული ინფორმაცია მივაწოდე, რომლებიც სხვა ფაქტებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს გამოძიებული, მათ შორის ერთ-ერთი არის კერძო ბიზნესი, რომელიც ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახის წევრთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.