თეა წულუკიანმა ბერძენაულის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

28/07/2016

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 28 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.
საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.
სოფელ ბერძენაულში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებს, რომლის მშენებლობა 2016 წლის 5 აპრილს დაიწყო. საზოგადოებრივი ცენტრი ბერძენაულისა და მიმდებარე სოფლების 8000-მდე მოსახლეს მოემსახურება.
საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0