ტექნოლოგიურ პარკში ამბასადორიალის მონაწილეებს უმასპინძლეს

28/07/2016

„ამბასადორიალი 2016“-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე სამუშაო პანელი გაიმართა. ღონისძიებას ტექნოლოგიურ პარკში უმასპინძლეს.

ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმა – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკნომიკურ რეფორმებს, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში ქვეყნის ჩართულობასა და ამ მხრივ არსებულ დამატებით შესაძლებლობებზე. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და საგზაო მაგისტრალების მშენებლობა-აღდგენის კუთხით არსებულ პროექტებზე, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ამბასადორიალის მონაწილეებისთვის პრეზენტაცია გამართა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ელჩებს ასევე გააცნეს საქართველოს ტექნოლოგიური პარკი, ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემა, აღინიშნა ამ მიმართულებით სამომავლოდ თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

სამუშაო სესიის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართველი ელჩების შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ პირველი შეხვედრა მსგავს ფორმატში. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო სააგენტოსა და ქვეყნის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ წარმოდგენილი იქნა ქვეყანაში ინვესტიციებისა და მეწარმეობის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტები. ხაზი გაესვა საინვესტიციო და ბიზნეს პროექტების განხორციელებაში საელჩოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის საზღვარგარეთ მცირე და საშუალო ბიზნესპარტნიორების მოძიების მიმართულებით.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკას, რაც არაერთგზის გამოიხატა საზღვარგარეთ პარტნიორ ორგანიზაციებთან მემორანდუმის გაფორმებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამბასადორიალის ფარგლებში ტექნოლოგიურ პარკში ორგანიზებული შეხვედრისთვის. მან ხაზი გაუსვა ტექნოლოგიურ პარკთან შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ქვეყანაში თანამედროვე და ინოვაციური პროექტების იმპორტის კუთხით. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ყველა ის მიმართულება, რომელიც ეკონომიკური დიპლომატიის სესიის ფარგლებში იქნა განხილული საინტერესოა საქართველოს დიპლომატიური კორპუსისთვის პარტნიორ სახელმწიფოებთან სხვადასხვა ეკონომიკურ, სავაჭრო თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0