ამბასადორიალის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო სესიაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ბოლო პერიოდში არსებულ პროგრესს.
სამუშაო სესიის განხილვის თემები იყო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. აღინიშა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მრავალი რეფორმა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ევროპულ გზას. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება მიღებული.
სესიის მონაწილეებმა ასევე შეაჯამეს ვარშავის სამიტის შედეგები და განიხილეს ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით განხორციელებულ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და მიმდინარე წელს ძალიან დიდი მიღწევები იქნა დაფიქსირებული ორივე მიმართულებით. ჩვენ გვქონდა მაღალი დინამიკა როგორც ევროკავშირიდან ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტების. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ ასოცირების შეთანხმების შემდგომი იმპლემენტაციის საკითხებზე. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ მივიღებთ მომდევნო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მომდევნო სამოქმედო გეგმას, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ჩვენი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი რეფორმები. ამ პროცესში ჩვენ ყველაზე დიდ ყურადღებას დავუთმობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა იმ აქტორთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალით.“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, რომელიც სამუშაო სესიას უწევდა მოდერაციას.