„თავგადასავალი 2016“,- ასე ჰქვია საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ნაციონალურ ბანაკს, რომელიც ფოლადაურის ხეობაში ოფიციალურად 28 ივლისს 14 საათზე გაიხსნება.
გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები. ფოლკლორული ანსამბლები: „ორბელი“, „სიონი“, „ბოლნელა“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“.
ბანაკში მონაწილეობას იღებს 600-მდე ახალგაზრდა, მათ შორის 40-ზე მეტი მონაწილე არის უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. მათი ასაკი მერყეობს 8-დან 26 წლამდე. ჯგუფებში მეტ-ნაკლებად დაცულია გენდერული ბალანსი და გათვალისწინებულია ასაკი.
ბანაკის მიზანია ლიდერული უნარ-ჩვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ტრენინგებში, ვორკშპებში, თამაშებში, ჩემპიონატებში და სხვა ინტელექტუალურ, სპორტულ თუ გასართობ ღონისძიებაში.
სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2016“ ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ბანაკი 2016 წლის 2 აგვისტოს დაიხურება.
საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია დარეგისტრირდა 1994 წლის დეკემბერში. 1997 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია გახდა მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის 147-ე წევრი.
სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2016“
27/07/2016