პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ, რომ თავდაცვის მინისტრად ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტმა დაიწუნა

26/07/2016

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კატეგორიულად უარყოფენ საპარლამენტო კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის შემცვლელად მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა მას პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მხარი არ დაუჭირა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა.

„შემიძლია გითხრათ, რომ სესიაშვილზე, როგორც მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა“, – განაცხადა მიშველაძემ.

საპარლამენტო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყველაზე აქტიურად სწორედ ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა ის პრეზიდენტმა დაიწუნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0