შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ქედაში ლაშქრობები იმართება

26/07/2016

გამგეობის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების პროგრამის ფარგლებში, დღეს 25 ქედელი ახალგაზრდა პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშქრობაზე გაემგზავრა, რომელსაც ამასთანავე შემეცნებითი დატვირთვა აქვს. ცივასულას ციხეზე მოლაშქრეებისათვის ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ვაჟა ფარტენაძემ სემინარი გამართა თემაზე: ,,ისტორიული ძეგლების მნიშვნელობა ტურიზმის განვითარებაში”. მოინახულეს მე-6 – მე-7 საუკუნეებით დათარიღებული მიწის ხიდი და მოისმინეს ძეგლის შესახებ ისტორიული მიმოხილვა.
ძეგლების მონახულების შემდეგ ახალგაზრდები სოფელ კოლოტაურის ხიდთან – სათავე ნაგებობასთან დაბანაკდებიან, სადაც ქედის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანული სამნიძე მცირე ინსტრუქტაჟს ჩაუტარებს ,,როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისათვის”. იქვე გაიმართება შეჯიბრი სხვადასხვა სპორტულ თამაშებში. ლაშქრობაში მონაწილეობას მოხალისეები: რაულ ცინცაძე და დანიელ სპარკმანი ღებულობენ.
ლაშქრობების ორგანიზება ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შიდა ტურიზმის ხელშეწყობის, ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
გამგეობამ ახალგზარდებისთვის კარვები, ჩანთები, ქუდები, პარალონები და ლაშქრობის შესაბამისი აღჭურვილობა შეუძინა. ასევე მონაწილეებს სადილით გაუმასპინძლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0