საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა. როგორც წარდგენისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, გულორდავა იქნება წალენჯიხელებისა და ჩხოროწყუელების ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გეგმებზე ისაუბრა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტურობას გაუსვა ხაზი.
”2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობასთან ერთად დაიწყო ბრძოლა ქვეყანაში გარდატეხის შეტანისთვის. დამეთანხმებით, რომ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია ბევრად განსხვავდება 2012 წლის შემოდგომისგან. დღეს ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ყურადღება ექცევა ჯანდაცვის სფეროს, სოფლის მეურნეობას, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.
”პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ასობით მეწარმემ წამოიწყი ბიზნესი, მაგრამ ჩვენ თვითკმაყოფილებაში არ ვართ და ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს მრავალი ჯერ იდევ გადაუჭრელი პრობლემა, ეს არის ჩვენთვის დღეს უკვე უმთავრესი ამოცანა, რომ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ქვეყნის ნებისმიერმა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა”, -აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ”ქართულ ოცნებას” ჰყავს კვალიფიციური გუნდი, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე იზრუნებს.
”შეიქმნება სამუშაო ადგილი და ყველა ოჯახში მივა კეთილდღეობა. კვალიფიციური გუნდი გვყავს და გვაქვს ყველაზე კარგი გამოცდილება. ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და არ ვქმნით დისტანციას ჩვენს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გოგა გულორდავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენისა და ნდობისთვის.