ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება დამოუკიდებელი

25/07/2016

შაჰის კარზე რომ დადიოდნენ, შვილებს, ან დედებს გზავნიდნენ, ისინი მათი ინტერესების გამტარებლები იყვნენ, თუ ქვეყნის პატრიოტები?!, – ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოსკოვში გამართული ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა. მეჭიაურის თქმით, მისი ვიზიტი „ნახევრადოფიციალური იყო“, ვინაიდან ის პარლამენტის მიერ არ ყოფილა დაფინანსებული.
მისივე განმარტებით, მოსკოვში რუსეთმა კოლეგებმა მიიწვიეს და პირადი ვიზიტით გაემგზავრა.

”მათი ძირითადი ინტერესი იყო ახლადშექმნილი პარტიის ამოცანები, სამომავლო მიზნები და ის, თუ როგორ წარმოგვიდგენია რუსულ-ქართული ურთიერთობა. ამ საკითხზე იყო გარკვეული კონსულტაციები. მიმიწვია პირადად იგორ მოროზოვმა, რომელიც არის ზედა პალატის წევრი, თუმცა იყო დუმის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრებიც”, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ მოსკოვში მიწვევა და დაინტერესება მისმა პარტიამ „იმიტომ დაიმსახურა, რომ ალბათ, საინტერესოა”.

”ალბათ თვლიან, რომ მომავალ პარლამენტში სოლიდურად ვიქნებით წარმოდგენილი და მომავალში მოუწევთ ჩვენთან საუბარი. რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, მე ეს ხედვები ჩამოყალიბებული მაქვს – ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ყველა ქვეყანასთან, თუ ბლოკთან ურთიერთობა უნდა ამოვიდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდან. დღევანდელი ხელისუფლება იგივე კურსს აგრძელებს, რომელსაც წინა ხელისუფლება. დღეს ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი და ვერ იქნება დამოუკიდებელი, ვიდრე მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლება არ ეყოლება და ეყოლება დასავლეთის მიერ დანიშნული მთავრობა და ოპოზიცია. პრიორიტეტულად მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს რუსეთთან, უნდა გავიგოთ, რა უნდათ, უარი არ უნდა ვთქვათ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე”, – დასძინა დეპუტატმა და განმარტა, რომ რუსი დეპუტატები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

კითხვაზე, დაუდასტურა თუ არა მეჭიაურმა რუს დეპუტატებს თავისი პრორუსულობა, დეპუტატმა უპასუხა, რომ ”გააჩნია, რას უწოდებენ პრორუსულობას”.

”მე ვარ პროქართული და ჩემთვის ამოსავალია ჩემი ქვეყანა. ვერ დამწამებს ვერავინ სხვა რამეს. მე ვლაპარაკობ და ვილაპარაკებ ყველა ქვეყანასთან, ვისთანაც აუცილებელი იქნება საუბარი ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის. შაჰის კარზე რომ დადიოდნენ, შვილებს, ან დედებს გზავნიდნენ, ისინი მათი ინტერესების გამტარებლები იყვნენ თუ ქვეყნის პატრიოტები?!, ამა თუ იმ ქვეყნის ტახტზე სიარული ნიშნავს, რომ იქ არის ყველაზე მეტად გასაღები იმ პრობლემისა, რაც ქვეყანას გააჩნია”, – დასძინა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე დაფინანსებაზე საუბარი არ ყოფილა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აბსურდული იქნებოდა, რომ სხვა ქვეყნიდან მიღებული დაფინანსებით მიიღოს მონაწილეობა პარტიამ არჩევნებში, თუმცა თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ჰქონდა საუბარი და მათი ინტერესის შემთხვევაში, ამ საკითხს განიხილავს.რაც შეეხება ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დადების თაობაზე რუსეთის დუმის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ინიციატივას, მეჭიაურის თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მოროზოვს დაურეკა და სიტუაცია ამის შემდეგ შეიცვალა.
თამაზ მეჭიაური საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და მეზობელ სახელმწიფოში საარჩევნო უბნების გახსნისკენაც მოუწოდებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0