დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა 35 საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგი კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარუდგინა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მუმლაძის დანიშვნას დაუჭირეს მხარი.
დღესვე დეპუტატებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის ,,თბილისის ავტობუსების პროექტთან’’ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ,,თბილისის ავტობუსების პროექტთან’’ დაკავშირებით გაფორმებული გრანტის სახით თანხის გადაცემის ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და ორივე საკითხს დადებითი შეფასება მისცეს.
საკრებულოს წევრებმა ,,დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში’’ შესატანი ცვლილებებიც განიხილეს, რომლის მიხედვითაც ,,დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესით“ გათვალისწინებული მომსახურების მოცულობას 4-15 წლის ასაკის ბავშვებში სქოლიოზის სკრინინგი ემატება.
ცვლილება შევიდა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის განხორციელების წესშიც. როგორც სხდომაზე აღინიშნა, C ჰეპატიტთან დაკავშირებით შეზღუდვა მოიხსნა და ყველა ბენეფიციარი, რომელიც ექვენდებარება მკურნალობას, პროგრამაში ჩართვას შეძლებს. საკრებულოს წევრებმა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილებაც განიხილეს და თბილისში სხვადასხვა მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებითა და იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქში არსებული რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის და სკვერისთვის სახელების მინიჭების შესახებ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ლია ჯახველაძის განცხადებით, კომისიამ ქალაქში არსებული დუბლირებული ქუჩების პრობლემატიკაზეც იმსჯელა. კერძოდ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხად კომისიის წევრებმა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტის რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მოსე გოგიბერიძის სახელობის ქუჩა თბილისში დიდუბის რაიონში უკვე არსებობს და ის ევგენი მიქელაძის და ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის ქუჩებს შორის მდებარეობს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, მუხრან მაჭავარიანისა და ლისის ქუჩების მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის მომღერალი რევაზ გელაშვილის სახელის მინიჭების საკითხს.
სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. საკრებულოს სხდომას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 35 საკითხი განიხილეს
22/07/2016