საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არის ძალიან ცივილური

21/07/2016

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი წინასაარჩევნო კამპანიას დადებითად აფასებს. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩმა ხაზი გაუსვა თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

„მე ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან კარგი კამპანია, გარემო არის ძალიან ცივილური, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია დიდი ხანია დაწყებული არ არის. მოუთმენლად ველოდებით მის გაგრძელებას“, – აღნიშნა იან კელიმ.

იან კელის შეფასებით, სომხეთში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია. ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის ხელისუფლება ძალადობის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას მიიღებს.

„რა თქმა უნდა, მესმის, რატომ აკვირდება დიდი ყურადღებით საქართველოს მთავრობა ამ მოვლენებს. სომხეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მეზობელი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ინტერესშია, რომ იქ ვითარება სტაბილური იყოს“, – განაცხადა იან კელიმ.

უკვე მეხუთე დღეა სომხეთში დაძაბულობა გრძელდება. 17 ივლისს, დილის საათებში შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა სომხეთის საპატრულო-საგუშაგო პოლკის ტერიტორიაზე შეაღწია და მძევლები აიყვანა, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვართან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი. თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, დაშავდა ხუთი.
გუშინ კი პოლიციამ შენობის მიმდებარეთ შეკრებილი დემონსტრანტები დაარბია, დაკავებულია 136 აქტივისტი. არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, აქედან 25 სამართალდამცველია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0