ჯანდაცვის რეფორმა დიდი შვებაა ჩვენი მოსახლეობისათვის

20/07/2016

ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში მოვედით იმ ეტაპზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტი ჟანგბადი აქვს, უფრო მეტად სუნთქავს თავისუფლად,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. პარტიის თავმჯდომარემ რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სულხან მახათაძე წარუდგინა. „სულხანი არის ის ადამიანი, რომელიც ამ რაიონის ცხოვრებით სუნთქავს, ამ რაიონის ცხოვრებით ცხოვრობს. ყველა თქვენგანის სატკივარი, სიხარული ყველაზე კარგად იცის. ის იქნება თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. მას გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და ყველაზე მთავარი, რაც გააჩნია არის ის, რომ ძალიან აქტიური ადამიანია“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ჭიათურის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც გვჭირდება სწრაფი განვითარება, რათა ყველა ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა და ყველა ოჯახს მიეცეს შვება. „ჩვენ შევქმენით გარკვეული წინაპირობები. ჯანდაცვის რეფორმა დიდი შვებაა ჩვენი მოსახლეობისათვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ რაიონის მოსახლეობას მივეხმარეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გვაქვს არაერთი პროგრამა, რომელიც არის მცირემიწიანთა დახმარება- მოხვნის სახით, შხამ-ქიმიკატების სახით და ასე შემდეგ. ასევე, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამები, როგორიც არის „დანერგე მომავალი“ და სხვა მრავალი. დღეს ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის რეალიზაცია სწრაფი ნაბიჯებით, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს საქართველოში ცვლილება. ეს ცვლილება უნდა იყოს რეალური და აღქმადი ყველა ადამიანის მიერ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაური ჭიათურის მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა თუ როგორ უნდა წავიდეთ რამდენიმე მიმართულებით. „ ეს არის განათლება, ეკონომიკის რეფორმა, სახელმწიფო მმართველობის რეფორმა და ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. ასევე. რა თქმა უნდა. სატრანზიტო და რაიონული დამაკავშირებელი გზების სწრაფი მშენებლობა. ჩვენ ამ ყველაფრისთვის გაგვაჩნია რესურსიც და ადამიანური პოტენციალიც. გუნდი რომელიც ახლა აქ დგას, არის ანთებული და თითოეულ ჩვენგანს გვჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილება მოვიტანოთ. დღეს შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს და ათასნაირი დაპირება მოგცეთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთი რამე ვთქვათ- ჩვენ არ გპირდებით ოქროს მთა-გორებს, მაგრამ ჩვენ გპირდებით, რომ ყველა ადამიანის სატკივარს მივიტანთ გულთან ახლოს, ყველა ადამიანის პრობლემებს გავითავისებთ. ჩვენ ამის მაგალითი უკვე ამ 4 წლის განმავლობაში გაჩვენეთ. დღეს ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ სერიოზული შედეგი მოვიტანოთ. უკვე 8 წლის თავზე, ანუ დღეიდან 4 წლის თავზე, გარღვევის სახით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში – ისე რომ ყველა თქვენთაგანმა იგრძნოს ეს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის იმერეთის რეგიონის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არცერთი პოლიტიკური ძალა არ სარგებლობს ასეთი მხარდაჭერით. „რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გვქონდა მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა. 40 ათასი ადამიანი მოვიდა. უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა იმერეთის რეგიონმა და თქვენ. მინდა მადლობა გითხრათ ამისთვის. არცერთი პოლიტიკური ძალა არ სარგებლობს ასეთი მხარდაჭერით, არცერთს არ აქვს გამარჯვების ასეთი სულისკვეთება, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია და ეს გამარჯვების სულისკვეთება მოდის ყველა თქვენთაგანის ენერგიიდან. მოდის იქიდან, რომ ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ადამიანების პრობლემებს, ჩვენ ვგრძნობთ ძალას საკუთარ თავში, რომ გავაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა თქვენთაგანის ოჯახში მოვიტანოთ სიკეთე. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისთვის, მინდა ყველა თქვენგანს ვუსურვო გამარჯვება და მინდა გითხრათ რომ ჩვენი პარტიის გამარჯვება იქნება ჩვენი სამშობლოს, ჩვენი საქართველოს გამარჯვება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0