ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები

20/07/2016

მინდა ყველა თქვენთაგანს ვუთხრა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, თითოეული ადამიანი, მისი ტკივილი, მისი სიხარული ყველაზე მნიშვნელოვანია,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. პარტიის თავმჯდომარემ რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
„კობა გახლავთ აქაური კაცი. თქვენიანია, ყველაზე კარგად იცის თქვენი ტკივილი, სიხარული და ის იქნება თქვენი ყველაზე კარგი, ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში“,-ასე აფასებს გიორგი კვირიკაშვილი კობა ლურსმანაშვილს.
მთავრობის მეთაურმა ხარაგაულის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„ჩვენ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც შევძელით ყველაზე მთავარი ეს იყო, რომ თავისუფლება მივეცით თითოეულ ადამიანს საქართველოში. მოვსპეთ შიში, ხელისუფლების შიში, რომელიც მუდმივად პრობლემა იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. მაქსიმალურად მოვეფერეთ, რაც კი შევძელით ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებლებს იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ. სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამა. ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ გულში ჩავიხედოთ-მართლაც არის თუ არა ის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ადამიანს აღარ უწევს სახლის დაგირავება, სხვადასხვა სახით სესხის აღება იმისათვის, რომ საკუთარი თუ საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლე გადაარჩინოს. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის შორს ჯერ კიდევ იმისგან, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას მთავრობის მიერ განსახორციელებელ გეგმებზეც ესაუბრა.
„ ახლა ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები. ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები იმისათვის, რომ ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით გარდავქმნათ უკვე თითოეული თქვენთაგანის და თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობაში. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ამის მიღწევისათვის ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს ეხება განათლების სისტემის რეფორმას, ძირეულ რეფორმას იმისათვის, რომ ახალგაზრდები სწავლობდნენ იმ პროფესიას, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა დამთავრებისთანავე მათ ქონდეთ სამუშაო ადგილი. ეს ეხება პროფესიული განათლების პროგრამას, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თუ საშუალო ასაკის მქონე ადამიანებმა სწრაფი გადამზადება გაიარონ და დღეს მოთხოვნად პროფესიებზე დასაქმდნენ“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0