სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის უმასპინძლა .
შეხვედრის ძირითადი მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო. ქ.ამბროლაური რამდენიმე წელია დამეგობრებულია იტალიის ქალაქ მაგრელიოსთან, შესაბამისად საუბრის ერთერთ ძირითად თემას აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლური ურთიერთობების პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
გუბერნატორმა ელჩს მხარის პოტენციალი გააცნო და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში ანტონიო ენრიკო ბარტოლი შაორზე მშენებარე სასტუმროს მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ნიკორწმინდის ტაძარი დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ წელს იწყება ტაძრის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეათილმოწყობა, აგვისტოს თვეში კი ნიკორწმინდის ეკლესიის 1000 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები.
იტალიის ელჩმა თანმხლებ პირებთან ერთად ჭელიშის მონასტერიც მოინახულა და მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო, შემდეგ კი ონის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც უწერა–შოვის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.