მინისტრთან სამუშაო ლანჩზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს, მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებს, ტრანსკასპიური გაზსადენისა და აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის გაძლიერებას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან ეს მოიცავს ბიზნესკომპონენტს, გამომდინარე, იქიდან, რომ შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც სლოვენიაში ძალიან წარმატებულნი არიან და უკვე თანამშრომლობენ საქართველოს ბიზნესკომპანიებთან.
“რაც შეეხება სამთავრობო შეთანხმებებს, მოგეხსენებათ, რომ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ თანამშრომლობას.ის თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის, უფრო გაღრმავდება, უფრო პერსპექტიული გახდება, რაც თავის თავში მოიცავს ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო განვითარებას, ფარმაცევტული ბაზრის გაზრდას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას. ამასთან მიმართებაში მომავალში ვგეგმავთ უფრო აქტიურ შეხვედრებს, რადგან სლოვენიის დელეგაცია უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს; დაიგეგმება ეს შეხვედრები და უფრო პრაქტიკული ხასიათის შედეგები გვექნება მომავალში”, – აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ.