ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.
როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 13 ივლისიდან საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიების რეგისტრაციის პირობები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
”პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში (საქართველოს საარჩევნო კოდექსი – მუხლი 113, პუნქტი 1, „ბ“ ქვეპუნქტი), ცესკო-ს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რის შემდეგაც მან უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სიები.
კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკო-ს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.
პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკო-ს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.
პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი ცესკო-ს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (12 აგვისტო)”, – ნათქვამია განცხადებაში.