„გორი საქართველოს გამარჯვებისთვის“ – გორში მოჭიდავეთა მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო

14/07/2016

გორის შემოსასვლელში რიოს ოლიმპიადის მონაწილეთა მხარდასაჭერად ბილბორდი გააკრეს.
„გორი საქართველოს გამარჯვებისთვის“ ასეთია ბილბორდის სლოგანი, რომელიც გორის საჭიდაო სკოლების აღზრდილების ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა შავდათუაშვილის მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ბილბორდი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდულ მოძრაობა „დროასა“ და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ერთობლივი ძალისხმევით დამზადდა, დამონტაჟების სამუშაოებში კი უშუალოდ მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

„ჩვენ ვამაყობთ ამ ბიჭებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ აგვისტოში რიოს ოლიმპიადაზე მათი ასპარეზობა მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ნაკრების საბოლოო შედეგებზე ისევე, როგორც ეს მსოფლიო თასზე და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როცა სპორტულ კომენტატორებს პოპულარული ფრაზა „გორმა მოუგო გერმანიას“ ათქმევინეს.

ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ ჩვენი ბიჭების მოტივაციის ამაღლებას, რომ იქ, ბრაზილიაში, საკუთარი ქალაქის ქომაგობა მათ განსაკუთრებულად იგრძნონ“. -განაცხადა მერიის სპორტის განყოფილების უფროსმა თეა კეჩხუაშვილმა.
ბილბორდის გაკვრა იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ქალაქის მერია მოჭიდავეების მხარდასაჭერად გეგმავს. კამპანიის ფარგლებში, აგვისტოში მერია შექმნის გორელ მოჭიდავეთა ფანკლუბს, სადაც გულშემატკივრებს მიეცემათ შესაძლებლობა დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი თანაქალაქელთა ასპარეზობას. დაგეგმილია, ასევე, ფანკლუბიდან პირდაპირი გადაცემების ორგანიზება მერიის ფეისბუქ გვერდის საშუალებით. ოლიმპიადის მსვლელობისას მერიის შენობაზე მოჭიდავეთა გამოსახულებით 10 მეტრიანი ბანერიც გადმოიკიდება.
ოლიმპიადა მიმდინარე წლის აგვისტოში ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით გორის საჭიდაო სკოლების აღზრდილები ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0