ნინო ბურჯანაძის განცხადებით, უბლოკო სტატუსი საქართველოსთვის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ეს დადასტურდა, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის, ისე NATO-ში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებებით.
“მინდა ხაზი გავუსვა იმ ინიციატივას, რომელიც წამოვაყენეთ საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით. ის რომ, ეს ინიციატივა არის საქართველოს გამთლიანების, რეალური წინსვლის გარანტი, დღესაც დადასტურდა განცხადებებით, რომელიც გაკეთდა ერთის მხრივ, NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან NATO-ში – რომ შავ ზღვაში NATO-ს აქტიურობა, ან პორტების NATO-ს ქვეყნების მხრიდან აქტიური გამოყენება არ გააუმჯობესებს რეგიონში მდგომარეობას, არამედ პირიქით, შესაძლოა, დესტაბილიზაციის წყარო გახდეს. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი თავდაცვის მინისტრის მავნებლური განცხადებების შესახებ, როდესაც განაცხადა, რომ საქართველომ თავისი პორტები და საზღვაო აკვატორია ისევე უნდა გამოაყენებინოს NATO-ს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და სახიფათო საქართველოსთვის.
“ის რომ, ჩვენ ამ სახიფათო თამაშებში არ ჩავერთოთ, გვქონდეს გარანტია საქართველოს რეალური უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება და საქართველომ გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი. არც NATO-ს ჯარი, არც რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე! ეს იქნება სწორედ სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი რეგიონში”, – აღნიშნა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.