საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ევროკომისიის წევრს, გიუნტერ ფერჰოიგენს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიუნტერ ფერჰოიგენს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი გააცნო და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე ესაუბრა.
საუბარი შეეხო საქართველო ევროინტეგრაციის საკითხებს და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. გიუნტერ ფერჰოიგენის შეფასებით, საქართველომ ამ მიმართულებით განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები და შექმნილია ყველა პირობა ევროპის მხრიდან საპასუხო ნაბიჯის გადასადგმელად. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში შეძლებენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას.
მხარეებმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გიუნტერ ფერჰოიგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
გიორგი კვირიკაშვილი გიუნტერ ფერჰოიგენს შეხვდა
14/07/2016