საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, ბათუმში, ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.
იოჰანეს ჰანმა გიორგი მარგველაშვილს, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების 2016 წლის 1 ივლისიდან ოფიციალურად ძალაში შესვლა მიულოცა.
ევროკომისარმა ქვეყნის პირველ პირს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სრულყოფილად შეასრულა ყველა ვალდებულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების გზით.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ერთგული რჩება, რათა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.
გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა
14/07/2016