ნოდარ ჯავახიშვილმა გუბერნატორთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებული გურიის რეგიონი დაათვალიერა

13/07/2016

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, გურიის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული გურიის რეგიონი დაათვალიერა. მინისტრი ადგილზე გაეცნო ოთხივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე დღის წინ დაზარალდა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი. მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის სოფლებში. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წაღებულია სახიდე გადასასვლელები და სავარგულები. დაზიანდა გზის საფარი. ობიექტების ნაწილზე მოძრაობა უკვე აღდგენილია, ნაწილზე კი, სადაც ხიდებია წაღებული, პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. იწმინდება დამეწყრილი ადგილები.
თითოეულ ობიექტზე, სადაც მეტეოროლოგიური პირობები საშუალებას იძლევა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად მოვიარეთ გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამოდენიმე ობიექტი. ვნახეთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. დაისახა გასატარებელი ღონისძიებები და უახლოეს მომავალში ყველა ის ზარალი, რომელიც სტიქიის შედეგად რეგიონს მიადგა აღმოიფხვრება,“- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0