თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს

13/07/2016

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან კომისიის წევრები, მინისტრების მოადგილეები, ასევე მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღნიშნული კომისიის მიზანი საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილება საორგანიზაციო საკითხები, ასევე უკვე შესული განცხადებები და საჩივრები.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ სხდომაზე რაიმე საკითხის დაყენებას, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს, რომ ახალი კანონი, რომელმაც პოლიციელებს ვალდებულებები გაუჩინა, აღასრულოს ისე, რომ ერთი მხრივ, წესრიგი იყოს და მეორე მხრივ, საარჩევნო პროცესში პოლიცია ჩართული არ იყოს“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის გოჩა თევდორაძის თქმით, ჯერჯერობით პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი არ არის კანონი უფასო სარეკლამო დროსთან მიმართებაში, რაც მისი შეფასებით, აუარესებს რამდენიმე კვალიფიციური სუბიექტის წინასაარჩევნო მდგომარეობას. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული საკითხის დაყენებას აპირებს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსი“.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უწყებათშორისი კომისია რადიკალურ პოზიტივს მოიტანს წინასაარჩევნოდ, მაგრამ მას საშუალება აქვს გარკვეული საკითხები დადებითად გადაწყვიტოს. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ კომისიის პოტენციალი“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას შეწყვეტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.სხდომას უძღვება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს.
hb

Tweet about this on TwitterShare on Facebook0