თანამდებობიდან გადადგომის კალენდარზე მე და პრემიერ-მინისტრი ჩამოვყალიბდებით, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
მინისტრმა პარლამენტის შენობა, სადაც ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ დატოვა.
„თანამდებობიდან დატოვების საკითხზე განმარტება ძალიან ბევრჯერ მაქვს გაკეთებული. არ ვაპირებ თქვენთან ასეთ ფორმატში საუბარს. აღარ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გითხრათ – დილა თენდება ამით, ღამე მთავრდება ამით. როცა მე და პრემიერი მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა ერთად გაიგებთ. კალენდარზე მე და პრემიერი ჩამოვყალიბდებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საარჩევნო საკითხებს ეხება.
„რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სტარტთან დაკავშირებით მიმდინარეობს პარტიის დეპუტატების, მინისტრების შეხვედრა. ეს არის ნორმალური პროცესი, პარტია მთელი თავისი შემადგენლობით, ავანგარდით ჩართული იქნება საარჩევნო პროცესში“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.