თინათინ ხიდაშელი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

09/07/2016

ვარშავის სამიტის მეორე დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. სამიტის წინ გამართულ შეკრებაზე, რომელსაც ჰოლანდიის, ესტონეთის, სლოვენიისა და დანიის პრემიერ-მინისტრები, ბელგიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესი განიხილეს.
“საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოსთვის არსებობს დღევანდელ უსაფრთხოების გარემოში. როგორც ჰოლანდიის, ასევე ესტონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები ცალსახად აცხადებენ, რომ მცდელობას არ დაიშურებენ ყველა ღონე იხმარონ, რათა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდეს და საქართველოში უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ღონისძიებები გაძლიერდეს. მათი მხარდაჭერა ისედაც საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ გაფართოვდება ვარშავის შემდეგ. ჩვენი ამოცანაა, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფარგლებში მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა. დღევანდელი შეხვედრა სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან პირდაპირი დიალოგი გავმართოთ ყველა იმ ღონისძიების უზრუნველსაყოფად და შესაძლებლობის განსახორციელებლად, რაც ვარშავამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეზე მოგვცა”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
შეხვედრაზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან წარმოდგენილნი იყვნენ პარტიის თავმჯდომარე ჰანს ვანდელინი, პარტიის გენერალური მდივანი იაკობ რასმუსენი და ასევე, პოლონეთის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე რიჩარდ პერტუ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0