საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გეორგე ლეუკამ შეხვედრაზე, რომელიც 8 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მათ შორის მხარეთა საექსპორტო შესაძლებლობები და აღნიშნეს, რომ საჭიროა ამ მხრივ ურთიერთობების გააქტიურება და გაღრმავება. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სრულყოფის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება მთავრობათაშორისი შეთანხმებების გაფორმება ტურიზმისა და ასევე სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით, რომლებიც დამატებით ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას. გამოითქვა მზადყოფნა, ითანამშრომლონ აღნიშნული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით ურთიერთგამოცდილების გაზიარების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს მხარებმა აღნიშნეს, რომ დადგა ის პერიოდი, როცა საჭირო და აუცილებელია საქართველო-მოლდოვას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს და კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამთავრობო კომისიის შექმნის აუცილებლობა, მომავალი წლის დასაწყისში კომისიის პირველი სხდომის გამართვის შესაძლებლობა და ამავე კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა, რაც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების გაცნობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
გენადი არველაძე გეორგე ლეუკას შეხვდა
08/07/2016