დედოფლისწყაროში წითელი ჯვრის პირველადი ჯანდაცვის კლინიკა გაიხსნა

08/07/2016

დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტში საზეიმოდ წითელი ჯვრის საზოგადოების პირველადი ჯანდაცვის კლინიკა გაიხსნა. ცერემონიას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი – ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის- კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი ტოშიო კაიტანი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს წითელი ჯვრის პირველადი ჯანდაცვის კლინიკის სამედიცინო ტექნიკით უზრუნველყოფის პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ და გამოხატავს იაპონელი ხალხის კეთილ ნებას.
“დღეს არაჩვეულებრივი დღეა, რადგან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერითა და წითელი ჯვრის დახმარებით გაიხსნა სამედიცინო კლინიკა, რომელიც უფასოდ მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ იაპონელი ხალხისადმი, იაპონიის მთავრობისა და წითელი ჯვრის ორგანიზაციისადმი” – განაცხადა დედოფლისწყაროს გამგებელმა, ბატონმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
აღნიშნული სამედიცინო კლინიკა გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საშუალებას მისცემს პაციენტებს, რომ ჩაიტარონ ნებისმიერი სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევა, ისარგებლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანმაც: “ბატონო გამგებელო, ძვირფასო სტუმრებო, ჩემთვის დიდი პატივია იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის სახელით მივიღო მინაწილეობა დღევანდელი პროექტის გახსნაში, რომელიც დასრულდა წარმატებით. მინდა გულრწფელი მადლობა გამოვხატო ჩვენი სანდო პარტნიორების – ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიმართ“.
კლინიკა სრული დატვირთვით ამუშავდება აგვისტოს დასაწყისში და მოემსახურება ქალაქ დედოფლისწყაროსა თუ მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0