ვარშავაში NATO-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველოს პრეზიდენტს და სამიტის მონაწილე ლიდერებს ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზე NATO -ს გენერალურმა მდივანმა და პოლონეთის პრეზიდენტმა უმასპინძლეს, რის შემდეგაც დელეგაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივი ფოტო გადაღეს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს სულ 58 ოფიციალური დელეგაცია ესწრება. მათ შორის არის NATO -ს 28 მოკავშირე და მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი.
საქართველო 26 პარტნიორ ქვეყანას შორის არის წარმოდგენილი. სამიტში ასევე მონაწილეობენ გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
ეს არის NATO -ს 28-ე სამიტი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა. პოლონეთი ნატო-ს სამიტს პირველად მასპინძლობს.
ამასთან, ეს იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტია.
ვარშავაში NATO-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა
08/07/2016