აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

06/07/2016

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.
დღესვე, 15:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0